"ზედმეტი მოუვიდათ": რას ამბობენ რუსი ოფიციალური პირები ანონიმურად ნავალნის სიკვდილზე
16/02/2024 16:49:46 მსოფლიო
„ის, რომ ეს მოხდებოდა და რომ ნავალნი ციხიდან არ გამოვიდოდა, მოსალოდნელი იყო“, – განუცხადა The Moscow Times–ს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც გამოცემასთან საუბარს ანონიმურობის პირობით დათანხმდა.
ამავდროულად, მისი აზრით, ნავალნი, მას შემდეგ, რაც გაასამართლეს და ციხეში იმყოფებოდა, „არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა“ კრემლს და ვლადიმირ პუტინს, "ყველამ დიდი ხანია დაივიწყა ის", - თქვა წყარომ.
გარდაცვალების მიზეზი, თუ ნავალნი მართლაც დაიღუპა, შეიძლება იყოს ის, რომ იგი დიდხანს იმყოფებოდა რთულ პირობებში, – მიიჩნევს გამოცემის თანამოსაუბრე.
„არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ტელეგრამ–არხები წერენ, მართლაც თრომბი იყოს. ამდენი დღე ზედიზედ იზოლატორში [სადამსჯელო საკანო, სადაც ურთულესი პირობებია. ნავალნი 27–ჯერ მოათავსეს – რედ.] ბევრია. როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდათ“, - თქვა გამოცემის წყარომ.
მეორე წყარომ, კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სისტემატურად მიჰყავდა ის სიკვდილამდე:
„იქ [კრემლში – რედ.] მისი სიკვდილი უნდოდათ. ასეც მოხდა. ”
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.
უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.
თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.


