ზელენსკი პარიზში ჩავიდა
16/02/2024 18:36:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა.
„პარიზი. დაგეგმილია პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩვენს თანამშრომლობას შედეგები მოაქვს უკრაინისა და მთელი ჩვენი ევროპის სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
დაანონსებულია, რომ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან ერთად საფრანგეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმებაში გერმანია ადასტურებს თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლებლობისა და გერმანიაში რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. მომავალში რუსეთის აგრესიის საკითხებზე დოკუმენტი საგანგებო კონსულტაციების მექანიზმს ითვალისწინებს.


