"სისასტიკეზე პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს!" – ტიხანოვსკაია ნავალნის ცოლს შეხვდა
16/02/2024 19:50:29 მსოფლიო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. ის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალქესეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა და ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ დიქტატორების იზოლირების საკითხს.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. ის პუტინის რეჟიმმა მოკლა! ეს არის შეხსენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ დიქტატორები არ ჩერდებიან! დემოკრატიულმა სამყარომ სიმამაცის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. სისასტიკეზე პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს!
ჩვენ გვეშინია ათასობით ბელარუსი პოლიტპატიმრის გამო. ბევრი მათგანი დაკავებულია გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. არ ვიცით ცოცხლები არიან თუ არა. არ შეიძლება ციხეებში ახალი სიკვდილიანობის დაშვება. ჩვენ გვჭირდება ორი დიქტატორის იზოლირება! მათ უნდა გამოვაცალოთ რესურსები და ვაიძულოთ, რომ გადაიხადონ ყველა დანაშაულისთვის რომელიც ჩაიდინეს უკრაინელების, ბელარუსების, მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის წინაშე!",– თქვა ტიხანვსკაიამ.
მისი თქმით, ამ რთულ ბრძოლაში გასამარჯვებლად საჭიროა სტრატეგია და მოქმედების კონკრეტული გეგმა და დაიტოვა იმედი, რომ ამ დისკუსიების დროს მოისმენს კონკრეტულ იდეებს, რომელიც დაეხმარება ევროპაში მშვიდობის აღდგენას.
სიტყვის გამოსვლის შემდეგ ის ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას შეხვდა. ნავალნაიამ ქმრის სიკვდილის შესახებ სწორედ მიუნხენში შეიტყო, სადაც სიტყვით გამოვიდა:
„დიდხანს ვფიქრობდი, უნდა გამოვსულიყავი თუ არა აქ თუ სასწრაფოდ გავფრენილიყავი ჩემს შვილებთან. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რას გააკეთებდა ალექსეი ჩემს ადგილზე. ის აუცილებლად იქნებოდა ამ სცენაზე. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა იმ საშინელ ამბებს, რომელთაც მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვიღებთ რუსეთიდან, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ არ შეგვიძლია დავუჯეროთ პუტინს და მის ხელისუფლებას, ის მუდმივად ტყუის. მაგრამ თუ ეს მართალია, მინდა, პუტინმა, მისმა გარემოცვამ იცოდნენ, პასუხს აგებენ იმაზე, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე დადგება მალე“.
მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „გავერთიანდეთ და ერთად გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე. პუტინმა და ამ რეჟიმმა პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ იმ საშინელებებზე, რაც ჩაიდინეს“.


