Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მინიმუმ, 24 რაკეტა უკვე გაისროლა

რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მინიმუმ, 24 რაკეტა უკვე გაისროლა

16/02/2024 20:14:11 მსოფლიო

უკრაინის ქალაქების დაბომბვისას რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მინიმუმ 24 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს KN-23/24 რაკეტები, იუწყება "ინტერფაქს–უკრაინა".

რაკეტების წარმომავლობაზე, კოსტინის თქმით, ნამსხვრევებზე აღმოჩენილი სიმბოლოები მიუთითებს. ამას ასევე მოწმობს მათ მიერ გამოწვეული ნგრევის ხასიათი, მოცულობა და ფრენის ტრაექტორია.

კოსტინი ამბობს, რომ მთლიანობაში, 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის ჯარებმა ამ ტიპის რაკეტებით უკრაინის შვიდ რეგიონზე, სულ მცირე, 12 დარტყმა განახორციელეს. "საუბარია ზაპოროჟიეზე, კიევზე (სამი თავდასხმა), ხარკოვზე (ორი თავდასხმა) და ქალაქებსა და სოფლებზე კიროვოგრადის, პოლტავას, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის რაიონებში. ამ თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 70-ზე მეტი დაშავდა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, რუსეთმა ყველაზე მასიური შეტევა ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული რაკეტებით 2024 წლის 7 თებერვალს განახორციელა. ამ იარაღით თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა 2024 წლის 2 იანვარს, ხარკოვის დაბომბვის დროს. დაიღუპა სამი და დაშავდა 64 ადამიანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეჭვქვეშ დააყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე და თქვა, რომ 24-დან მხოლოდ ორი მოხვდა სამიზნეს.

2023 წლის ოქტომბერში თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღის პარტია მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა საბრძოლო მასალის გადაზიდვას ჩრდილოეთ კორეის საწყობიდან. იარაღი დატვირთული იყო რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე და გაგზავნეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე საწყობში. ვაშინგტონის ცნობით, მიწოდება მოხდა 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ფხენიანმა სამ თვეში მილიონი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა რუსეთში.

იანვარში კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლახანს მიაწოდა რუსეთს ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. 30 დეკემბერს და 2 იანვარს მასიური დარტყმების დროს რუსეთმა უკვე გაუშვა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უკრაინაში, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S