უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
16/02/2024 20:23:44 მსოფლიო
უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი მყარი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მხარდაჭერა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც იყო შემოჭრის დასაწყისში. ის მხოლოდ გაძლიერდება. სწორედ ამ სულისკვეთებით მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, დოკუმენტში მითითებულია 2023 წლის ივლისში G7 ქვეყნების მიერ ვილნიუსის სამიტზე აღებული ვალდებულებები.
„ჩვენი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ გრძელვადიანი. მას ასევე აქვს კოლექტიური განზომილება, რადგან დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოაწერა ხელი (მსგავსი ხელშეკრულება - რედ), ისევე როგორც გერმანიამ. ეს არის გზა, რომელსაც G7-ის ყველა ქვეყანა და შემდეგ 25 სხვა ქვეყანა მიყვება“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
16 თებერვალს ბერლინში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებას გერმანიასთან.
12 იანვარს ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას უკრაინასა და ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ - ეს იყო პირველი ორმხრივი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციის ფარგლებში, რომელიც ვილნიუსში მიღებულ იქნა G7 ქვეყნების მიერ 2023 წლის ივლისში. ამავდროულად, ზელენსკიმ დააანონსა ახალი ორმხრივი შეთანხმებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იანვარსა და თებერვალში.


