ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა, როგორ გამოიყენა კრემლმა „თითქმის შიშველი" წვეულების სკანდალი
19/02/2024 10:26:52 მსოფლიო
ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა "თითქმის შიშველი" წვეულების ირგვლივ რუსეთის ხელისუფლების მიერ აგორებული სკანდალი და მისი გავლენა რუსეთის ცხოვრებაზე.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის 19 თებერვლის მიმოხილვაშია ნათქვამი, სკანდალის შემდეგ რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და წარმდგარიყო დაჭრილი რუსი ჯარისკაცების წინაშე. მანამდე ის კრემლის "შავ სიაში" შეიყვანეს, რაც ფაქტობრივად უკრძალავს არტისტებს რუსეთში საქმიანობას. ამ სიაში მოხვდნენ ომის საჯარო მოწინააღმდეგეები, ასევე ისინი, ვინც კრემლი სხვა მიზეზების გამო განარისხა - მაგალითად, კირკოროვი.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ღონისძიების ირგვლივ სკანდალმა აჩვენა ომის მზარდი "არსებობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში":
„კრემლმა მიზანმიმართულად გააძლიერა და გამოიყენა ეს სკანდალი, რათა წარმოეჩინა კონტრასტი რუსებს , რომლებიც „პატრიოტულად“ უჭერენ მხარს ომის ძალისხმევას და ჰედონისტურ "დასავლურ" ელიტას შორის", - ნათქვამია მიმოხილვაში.
დაზვერვამ გაიხსენა, რომ წვეულების კიდევ ერთი მონაწილე დააპატიმრეს, ე.წ. „ლგბტ პროპაგანდისთვის" დააჯარიმეს და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გადაიყვანეს.


