მოსკოვის კლუბში ნავალნის სიკვდილი იზეიმეს
19/02/2024 11:17:27 მსოფლიო
მოსკოვის კლუბ „გოროდ“–ში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი იზეიმეს.
ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანების ჯგუფი წამყვანთან ერთად სკანდირებს, "თრომბი მოწყდა". სწორედც ამ ვერსიას ავითარებს კრემლის პროპაგანდისტული მედია მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის არც სანდო და არც საეჭვო დასკვნა ჯერ არ არსებობს.
კლუბის ერთ–ერთი სტუმარი შენიშნავს, რომ "ეს ქრისტიანული არაა", რაზეც წამყვანი პასუხობს, რომ "ფაქტს კონსტანტირებს".
ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს. კოლონიაში უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს - მორგში განაცხადეს, რომ ცხედარი მათთან არ არის.
„ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.
„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო", – აცხადებს ექიმი.
მისი ინფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს:
"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს".


