ლიეტუვა საკუთარ კამიკაძე–დრონს ქმნის
19/02/2024 13:09:00 მსოფლიო
ლიეტუველი მწარმოებლები, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით, ავითარებენ საკუთარ კამიკაძე–დრონებს. იუწყება LRT ლიეტუვის თავდაცვის შტაბის განვითარების დაგეგმვის საბჭოს თავმჯდომარე როლანდას გრეიბუსზე დაყრდნობით.
„ჯერ კიდევ 2021 წელს წამოვიწყეთ ე.წ. „ლოიტერული საბრძოლო მასალის“ პროგრამა, სადაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინდუსტრიასთან და ვავითარებთ მას“, - განაცხადა გრეიბუსმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვა უკვე წელს მიიღებს საკუთარი კამიკაძე–დრონის პროტოტიპს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრეტა ტუჩკუტემ აღნიშნა, რომ ბიზნესთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ პროდუქტს ყოველთვის არ ყიდულობენ ადგილობრივი კომპანიებისგან, რადგან მათ არ შეუძლიათ კონკურენტული ფასის შეთავაზება, ან იმის გამო, რომ სამხედროები არ არიან კმაყოფილი მიწოდების დროით თუ ხარისხით.
მანამდე პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გააკრიტიკა ქვეყნის სამხედროები, რომ დრონების შესაძლებლობებს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ და თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ თავდაცვის მთლიან სტრატეგიაში. საპასუხოდ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში დრონების წარმოების ინდუსტრიის განვითარება კონტროლის ქვეშაა.


