ერდოღანმა ჩეჩნების რუსეთში დეპორტაცია არ დაუშვა
19/02/2024 13:32:32 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა "გამონაკლისი სიტუაციის“ შესახებ რუსეთში დეპორტაციის საფრთხის წინაშე მყოფ ჩეჩნებთან დაკავშირებით. იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Kırım Haber Ajansı.
ცნობილია, რომ არაერთმა ჩეჩნმა, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური მიზეზებით იდევნებიან, თურქეთის ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვისთვის მიმართეს, თუმცა ისინი გადაიყვანეს რეპატრიაციის ცენტრებში - ასე უწოდებენ დაწესებულებებს, სადაც უცხოელებს დეპორტაციამდე ათავსებენ.
ამრიგად, 30 ჩეჩენი აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ, მათ შორის მანსურ დუდაევი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ძმისშვილი, – განაცხადა ადვოკატმა თუგრულ კეჩეჩმა, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავს.
Kırım Haber Ajansı-ს ჟურნალისტებმა დუდაევს უწოდეს "თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩეჩნეთისთვის რუსების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო". რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება იჩკერიის ყოფილ მეთაურს სეპარატისტად მიიჩნევს.
ასევე ცნობილია, რომ ცენტრში მანსურ დუდაევის ნათესავები იმყოფებოდნენ. დარჩენილი დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.
ტუღრულ კეჩეჩის თქმით, თურქეთში მცხოვრები ჩეჩნები „რუსეთის მანიპულაციური პოლიტიკის გამო რთულ პერიოდს გადიან“ და უჭირთ საკუთარი უფლებების რეალიზება „რუსული ტყუილის გამო“.
მას შემდეგ, რაც ერდოღანმა გააკეთა განცხადება „გამონაკლის სიტუაციის“ შესახებ, ცენტრში დუდაევის და მისი ახლობლების გათავისუფლების ბრძანება მიიღეს. დარჩენილი დაკავებულების ბედი ამ დრომდე უცნობია.


