მედია: აშშ შორი მოქმედების რაკეტებით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობს
19/02/2024 18:00:18 მსოფლიო
აშშ ATACMS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტებით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობს, – იუწყება NBC News ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
"გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ATACMS-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტებით მომარაგება დაიწყო. ამჟამად აშშ ესწრაფვის, კიევს მიაწოდოს რაკეტები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნე უფრო შორ მანძილზე გაანადგუროს. თუმცა უკრაინისთვის ამ ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის", – განუცხადა წყარომ გამოცემას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც, მათ შორის უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას მოიცავს.


