Accentnews.ge
ჰუსიტებმა წითელ ზღვაში დრონით კიდევ ერთ გემს დაარტყეს

ჰუსიტებმა წითელ ზღვაში დრონით კიდევ ერთ გემს დაარტყეს

20/02/2024 06:25:31 მსოფლიო

„გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციებისა“ და კერძო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ცნობით, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში, ჯიბუტის მახლობლად გემზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცნობით, თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა.

ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S