უკრაინა: რუსების მიერ წუხელ გამოყენებული 23-ვე დრონი ჩამოვაგდეთ
20/02/2024 06:33:22 მსოფლიო
რუსეთის არმიამ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 20 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა 23 ე.წ. დამრტყმელი დრონი გამოიყენეს.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 23-ვე ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დნიპროს რაიონში სამი სახლი დააზიანა.
პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე. რომელ ობიექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
რუსეთის მხრიდან სარაკეტო შეტევის საფრთხის გამო, დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში და რამდენიმე ოლქში. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, განგაში 17 წუთს გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ორი მართვადი საზენიტო რაკეტით. მათი მოგერიება ვერ მოხერხდა. სარაკეტო დრტყმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.


