
დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია
20/02/2024 07:02:06 სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია.
დეკანოზის წერილს სოციალურ ქსელში მისი ძმა თორნიკე მამალაძე აქვეყნებს.
სასულიერო პირი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ, სიმართლეს დაამტკიცებს.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმც, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს”, - აცხადებს მამალაძე.
წერილში მამალაძე გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, ემიგრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ცნობისთვის: ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.
სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იგი სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.