პუტინმა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელის მოადგილე დააჯილდოვა ნავალნის ციხეში სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ
20/02/2024 07:22:51 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ვალერი ბოარინევს შინაგანი სამსახურის გენერალ–პოლკოვნიკის სპეციალური წოდება მიანიჭა. განკარგულება გამოქვეყნდა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის კოლონიაში სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს.
„ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.
„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო", – აცხადებს ექიმი.
მისი ინფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს:
"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს".
ცივილიზებული სამყარო მმხდარზე პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებს.


