რუსეთმა ალექსეი ნავალნის ძმაზე ისევ გამოაცხადა ძებნა
20/02/2024 14:03:00 მსოფლიო
რუსეთის ციხეში დაღუპულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა ხელახლა გამოაცხადა.
რუსეთის შსს–ს მონაცემებში მხოლოდ ის არის მითითებული, ოლეგ ნავალნი სისხლის სამართლის დარღვევის გამო იძებნება.
როგორც რუსული პროპაგანდისტული ТАСС წერს, ნავალნის ახალ საქმესთან დაკავშირებით ეძებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ.
ოლეგ ნავალნი 2022 წლის იანვრიდან ე.წ. "სანიტარულ საქმეზე" იძებდნებოდა. ამ საქმის ფიგურანტები ეჭვმიტანილები იყვნენ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში, რაშიც იგულისხმებოდა მოწოდებები, გამოსულიყვნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე. თავდაპირველად, 2021 წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ნავალნის პირობითი სასჯელი განუსაზღვრა, თუმცა, 2022 წელს სისხლის სამართლის ინსპექციამ პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა მოითხოვა. თებერვალში სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმ დროისთვის ნავალნი რუსეთში არ იმყოფებოდა.
მანამდე იმ თითქმის ოთხი წელი იმყოფებოდა პატიმრობაში.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს.


