ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას 83 მლნ ევროს დახმარება გამოუყო
20/02/2024 14:46:39 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას, რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად და დევნილთა უზრუნველსაყოფად, 83 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო.
"დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა 83 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა 2024 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის - საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ელექტროქსელებზე, რაც სერიოზულად აზიანებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ძირითად სოციალურ სერვისებზე", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.
აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება, რომლებიც მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების გაწევას და ძირითადი საჭიროებების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა თავშესაფარი, სასმელი წყალი, განათლება და ჯანდაცვა. დანარჩენი 8 მილიონი ევრო კი მოლდოვაში ჰუმანიტარულ პროექტებს ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად, იქნება გამოყენებული.


