შოიგუ პუტინისთვის ტყუილის თქმაში ამხილეს
21/02/2024 12:23:50 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ამტკიცებდა, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე დასახლება კრინკი დაიკავეს. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს დასახლება უკრაინის ძალებისთვის პლაცდარმია.
შეხვედრის დროს პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ მას სამხედროთა დაჯგუფება დნეპრის მეთაურმა მიხაილ ტეპლინსკიმ მოახსენა კრინკიში მიმდინარე მოვლენები და რომ დასახლებაში "მხოლოდ ხუთიოდე უკრაინელი სამხედრო დარჩა, რომლებიც იმალებიან ან ტყეში, ან სანგრებში". შოიგუმ პუტინს უპასუხა, რომ კრინკი "გასუფთავებულია".
"კრინკი გასუფთავებულია. ჩვენ, ფაქტობრივად, განლაგებული ვართ მდინარე კრინკასა და კონკას მთელ სანაპიროზე. დღეისათვის იქ არა მხოლოდ სადამკვირვებლო პუნქტებია, არამედ დგანან სამხედროებიც. ძალიან ღირსეულად იქცეოდნენ მედესანტეები და 810-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები."
ამასთან, შოიგუმ კრემლის პროპაგანდისტულ ТАСС-თან თქვა, რომ კრინკის "აღება წერტილს დაუსვამს უკრაინის კონტრიერიშს".
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერაციულ სარდლობაში შოიგუს ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ. მათი თქმით, უკრაინელ დამცველებს კვლავ უჭირავთ პოზიციები.
შოიგუს ანგარიშს ტყუილი უწოდა კრემლის მხარდამჭერმა რამდენიმე სამხედრო ბლოგერმაც.


