"ჯაშუშების გაძევების შემდეგ რუსეთი ტაქტიკას ცვლის" – შვედეთის სპეცსამსახური საფრთხეებზე საუბრობს
21/02/2024 14:10:07 მსოფლიო
რუსეთი არის მთავარი საფრთხე შვედეთის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და გარე მტრები შესაძლოა ცდილობდნენ, ისარგებლონ ისლამისტებისა და ულტრამემარჯვენეების მხრიდან ექსტრემისტული ძალადობის გაზრდილი რისკით,– ამის შესახებ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ოთხშაბათს, 21 თებერვალს განაცხადა, იუწყება Reuters.
”ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ სერიოზულ ვითარებაში ცხოვრება,” - თქვა შარლოტა ფონ ესენმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ ანგარიში წარმოადგინდა.
”უპირველეს ყოვლისა რუსეთი, მაგრამ ასევე, ჩინეთი და ირანი ქმნიან უდიდეს საფრთხეს შვედეთისთვის და ისინი მუშაობენ და გარკვეულწილად, ერთადაც, უსაფრთხოების არსებული სისტემის შესაცვლელად,” - თქვა მან.
გასული წლის აგვისტოში უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საფრთხის დონე 4-მდე გაზარდა მას შემდეგ, რაც შვედეთსა და მეზობელ ქვეყნებში ყურანის დაწვის რამდენიმე ინციდენტი მოხდა, ამას კი რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოჰყვა მუქარა.
ანგარიშის თანმხლებ განცხადებაში უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე და ისლამისტური ჯგუფების მუქარა შეიძლება, გაძლიერდეს ან გამოიყენონ შვედეთის გარე მტრებმა.
„უცხოურმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ ძალადობრივი ექსტრემისტები და სხვა ტიპის ორგანიზაციები და პირები, როგორც მარიონეტები უსაფრთხოებისთვის საშიში მოქმედებების განსახორციელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
უშიშროების სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა ფრედრიკ ჰოლსტრომმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვინაიდან დასავლეთიდან სულ უფრო მეტ რუს ჯაშუშს აძევებენ, მოსკოვი ცვლის ტაქტიკას და "მეტად ოპორტუნისტულ მეთოდებს იყენებს“.
შვედეთის მთავრობამ გუშინ წარუდგინა უკრაინას დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 7,1 მილიარდი შვედური კრონია (630 მილიონი ევრო).


