Accentnews.ge
ჩეხეთმა აშშ-ის საქართველოს მოქალაქე ომაროვი გადასცა

ჩეხეთმა აშშ-ის საქართველოს მოქალაქე ომაროვი გადასცა

22/02/2024 06:06:02 სამართალი

ჩეხეთმა აშშ-ის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი გადასცა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელი დისიდენტი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით არის ძებნილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში".

ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ.

მეჰდიევი ალინეჯადის სახლთან 2022 წლის ივლისში დააკავეს. მას თან ჰქონდა AK-47-ის ტიპის ავტომატური იარაღი. აშშ-ში დააკავეს და პატიმრობაში იმყოფება ამიროვიც.

ჩეხეთის პოლიციამ ომაროვი 2023 წლის იანვარში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავა. მოგვიანებით. საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მისი თხოვნა არ გადაეცათ აშშ-სთვის. 2024 წლის 21 თებერვალს 39 წლის ომაროვი პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში გადასცეს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

როგორც AFP იუწყება, სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებაში და ფულის გათეთრებაში, საერთო ანგარიშით ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამერიკული მედიის ცნობით, მასიჰ ალინეჯადი ცნობილია ირანში ქალთა უფლებების შეზღუდვის მწვავე კრიტიკოსად და მისი მოკვლის გეგმა ირანში ჩაისახა.

მასიჰ ალინეჯადმა ირანი 2009 წელს დატოვა და მას შემდეგ სოციალურ მედიაში წამოიწყო მოძრაობა სახელით MyStealthyFreedom, რომელიც ირანელ ქალებს მოუწოდებს გააპროტესტონ თავსაბურავის ტარების მოთხოვნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S