
ირაკლი ჩიქოვანი: NATO-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ
22/02/2024 06:43:03 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, NATO-ში ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის".
„ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას, მან აღნიშნა, რომ NATO-სთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ვატარებთ NATO-სთან ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.