Reuters: ირანმა რუსეთს მიაწოდა "დიდი რაოდენობით" ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის 400 Fateh-110 ოჯახიდან
22/02/2024 07:04:32 მსოფლიო
ირანმა რუსეთს მიაწოდა დიდი რაოდენობით "მიწა–მიწა" კლასის ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის 400 მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტა Fateh-110-ის ოჯახიდან, – წერს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მედია წერს, რომ მობილური სისტემებიდან გაშვებულ რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეებზე დარტყმა 300-დან 700 კმ-მდე მანძილზე. მათი მიწოდება იანვრის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანელ და რუს სამხედროებს შორის შეთანხმება შედგა.
Reuters ირანელმა წყარომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობიდან შეატყობინა რაკეტების მინიმუმ ოთხი მიწოდების შესახებ და მოსალოდნელია დამატებითი მიწოდებაც. ნაწილი ტვირთისა რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა, ნაწილი – თვითმფრინავით.
რუსულმა წყარომ დაადასტურა, რომ რაკეტებმა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. ამასთან, თეთრი სახლისთვის, როგორც Reuters წერს, ცნობილია რუსეთსა და ირანს შორის ამ ტიპის იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ, რომ მიწოდება მოხდა.
Reuters აღნიშნავს, რომ ირანი ცდილობს, გააღრმავოს კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან, რომელიც ეყრდნობა აშშ-სთან დაპირისპირებას. სააგენტო ციტირებს ირანელ ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობს, რომ სამხედრო სფეროში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს, აჩვენოს „ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები“ და „ეს არ ნიშნავს, რომ ირანი მხარეს იკავებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“.
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი აპირებს, რუსეთისთვის Fateh-110 და Zolfghar-ის რაკეტების მიწოდებას 2022 წლის შემოდგომაზე გაჩნდა. ირანელები ამავე რაკეტებს აწვდიან იემენელ ჰუთებს.


