Bloomberg: იურისტებმა G7-ისთვის მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში კანონიერად მიიჩნიეს რუსული აქტივების კონფისკაცია
22/02/2024 08:43:17 მსოფლიო
რუსეთის საზღვარგარეთ გაყინული აქტივების კონფისკაცია არ არღვევს საერთაშორისო სამართალს – ამ დასკვნამდე მივიდა იურისტთა ჯგუფი, რომელმაც საექსპერტო დასკვნა მოამზადა G7-ის ქვეყნებისთვის. Bloomberg-ის ცნობით, საერთაშორისო კომისიაში შედიოდა 10 იურისტი ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
ექსპერტების აზრით, რუსეთი იყო პირველი, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაზე თავდასხმით და ზომები, რომლებიც უკანონო იქნებოდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, დასაშვებია აგრესორი სახელმწიფოს მიმართ.
„მივედით დასკვნამდე, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კანონიერი იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გაყინეს რუსული სახელმწიფო აქტივები, განახორციელონ დამატებითი ზომები რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებით იმისა, რომ ის განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური წესების დარღვევას“, - ნათქვამია დასკვნაში.
იურისტები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ქვეყნებმა, სადაც არის გაყინული რუსული აქტივები, გადასცენ ისინი საერთაშორისო მექანიზმს შენახვისა და შემდგომი გამოყენებისთვის უკრაინის აღდგენის პროგრამების დასაფინანსებლად.
ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაყინეს რუსული აქტივები თანხისა და ფასიანი ქაღალდების სახით, რომელთა საერთო ღირებულება 280 მილიარდი დოლარია.


