რუსეთი გავიდა ბრიტანეთთან "ცივი ომის" გარდამტეხ მომენტში დადებული შეთანხმებიდან
22/02/2024 10:34:05 მსოფლიო
რუსეთი გამოდის თევზაობის შესახებ 1956 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ბრიტანეთთან საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა დადო, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმაა უფსკრული რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის წინააღმდეგ ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ,– წერს Reuters.
შეთანხმებას 1956 წელს, ცივი ომის გარდამტეხ მომენტში ლონდონშინ მოეწერა ხელი: იმ წელს ხრუშჩოვმა დაგმო იოსებ სტალინი, გამოვიდა დასავლეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების შეთავაზებით და აპრილში ბრიტანეთსაც ეწვია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს მოსკოვის ხედვა გაცილებით ხისტია: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უწოდებს რღვევად იმპერიას, რომელსაც სურს რუსეთის განადგურება და მისი ბუნებრივი რესურსების მითვისება. დასავლეთი პუტინს მკვლელად მიიჩნევს, ხოლო პუტინის რუსეთს – მტრად.
1956 წლის მეთევზეობის შეთანხმებამ ბრიტანულ გემებს საშუალება მისცა, შესულიყვნენ ბარენცის ზღვის მდიდარ სათევზაო ადგილებში, კოლას ნახევარკუნძულის და კოლგუევის კუნძულის სანაპიროებზე.
„როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა მიიღო ეს შეთანხმება 1956 წელს, რთული სათქმელია, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ეროვნული ინტერესები“, - თქვა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა.


