მედია: კანადა ჩეხეთიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის თანხებს გამოყოფს
22/02/2024 10:57:21 მსოფლიო
კანადამ მიანიშნა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის ინიციატივას, სასწრაფოდ მიეწოდოს ათიათასობით საარტილერიო ჭურვი უკრაინას სხვადასხვა ქვეყნიდან. ამის შესახებ CBC News კანადის თავდაცვის სამინისტროდან წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ წყაროები ამბობენ, რომ კანადის მთავრობას შეუძლია, 22 მილიონი აშშ დოლარი დახარჯოს ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის მიერ შემოთავაზებული გეგმის განხორციელებაზე.
კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩეხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს:
„მე ხელი მოვაწერე ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩვენს ერთ-ერთ ევროპელ მოკავშირესთან, ჩეხეთთან, იმ საბრძოლო მასალის პოტენციური შეძენის შესახებ, რომელიც მათ ამჟამად აქვთ, რაც საშუალებას მოგვცემს... უფრო სწრაფად მივაწოდოს ის უკრაინას, რამდენადაც ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ წარმოებას“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საზღვარგარეთ მოიძია დაახლოებით 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში გაეგზავნოს უკრაინას. მისი თქმით, ამ საბრძოლო მასალის უკრაინაში მიტანისთვის ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.


