Accentnews.ge
"ესროლეს და მანქანით გადაუარეს" – როგორ მიაგნეს გაქცეულ რუს მფრინავს ესპანეთში

"ესროლეს და მანქანით გადაუარეს" – როგორ მიაგნეს გაქცეულ რუს მფრინავს ესპანეთში

22/02/2024 11:55:53 მსოფლიო

ესპანეთის სპეცსამსახურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოსკოვი დგას ყოფილი რუსი სამხედრო მფრინავის მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობის უკან, რომელიც უკრაინაში გაიქცა მი-8 ვერტმფრენით,. ამის შესახებ ესპანური გაზეთი El País წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. იმავდროულად, გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ესპანეთის ხელისუფლება კვლავ უკიდურესად ფრთხილია, კრემლს ბრალდებებს არ უყენებს და მიუთითებს, რომ ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს.

წყაროების თანახმად, მადრიდი მზად არის "მტკიცე პასუხი გასცეს" რუსეთს, თუ საკმარისი მტკიცებულებები შეგროვდება მკვლელობასთან მისი კავშირის თაობაზე.

მოკლულის ცხედარი 13 თებერვალს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ალიკანტეს პროვინციაში, ქალაქ ვილახოიოსში, კომუნალური ავტოფარეხის პანდუსზე იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და საკუთარი ავტომანქანით გადაუარეს. მკვლელები მიიმალნენ.

მოკლულს იგორ შევჩენკოს სახელზე გაცემული უკრაინული პასპორტი უპოვეს, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდია იმთავითვე ეჭვობდა, რომ მოკლული იყენებდა ყალბ დოკუმენტებს.

ესპანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა მოკლულის ვინაობა, მაგრამ El País-ის წყაროები ალიკანტეს პოლიციაში ადასტურებენ, რომ ის კუზმინოვი იყო. მისი სიკვდილი ასევე დაადასტურა უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ და ირიბად რუსეთის ხელისუფლებამ.

პუბლიკაციაში El País ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრორუსულმა წყაროებმა პირველებმა განაცხადეს კუზმინოვის სიკვდილის შესახებ. როგორც გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, „მოსკოვმა მისი მკვლელობა გაასაჯაროვა, რადგან ის სამაგალითო იყოს“, ანუ გაფრთხილება სხვა პოტენციური დეზერტირებისთვის.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, შურისძიებაც იყოს იმ ორი რუსი მფრინავის გამო, რომლებმაც არ იცოდნენ გაქცევის გეგმის შესახებ და დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი უკრაინაში დაჯდა.

როგორც El País აღნიშნავს, ესპანეთის სპეცსამსახურებს არ ეპარებათ ეჭვი რუსეთის ჩართულობაში, მხოლოდ იმაში არ არიან დარწმუნებულნი, თუ რომელმა რუსულმა სამსახურმა განახორციელა მკვლელობა - СВР–მ, ФСБ–მ თუ ГРУ–მ.

ამავდროულად, ესპანეთის სპეცსამსახურების წყაროები აღიარებენ, რომ გამოძიებას ძალიან გაუჭირდება რუსეთის ჩართულობის პირდაპირი მტკიცებულებების პოვნა, რადგან, დიდი ალბათობით, დანაშაული ჩაიდინეს დაქირავებულმა მკვლელებმა, რომლებმაც უკვე დატოვეს ესპანეთი. გამოკითხულ წყაროებს არ სჯერათ ესპანეთში მყოფი რუსი აგენტების უშუალო მონაწილეობისა და დაქირავებული მკვლელების ვერსიისკენ იხრებიან.

გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ კუზმინოვი ესპანეთში ცხოვრობდა ყალბი დოკუმენტებით და ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდა ყოფილი რუსი სამხედროს ესპანეთში ყოფნის შესახებ, შესაბამისად, არ უზრუნველჰყო მისი დაცვა. გაზეთი ასევე ირწმუნება, რომ კუზმინოვის "იდენტიფიცირება" შეიძლებოდა ყოფილ შეყვარებულთან წარმოებული მიმოწერით, რომელიც რუსეთში დარჩა - მან პირდაპირ მიიწვია იგი ესპანეთში.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ან საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომლების საზღვარგარეთ მკვლელობების ან მკვლელობის მცდელობის არაერთი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ეს ესპანეთში პირველად მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S