დანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ორმხრივი შეთანხმებით უზრუნველყოფს
22/02/2024 13:27:24 მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფს. წერს DR.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დანია იღებს ვალდებულებას, უახლოეს 10 წლის განმავლობაში მხარი დაუჭიროს უკრაინას როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროში, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.
„ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე სერიოზული სიტუაციაა. დანიის მთავრობას არ შეუძლია, ხაზგასმით არ აღნიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს მისთვის საჭირო სამხედრო შესაძლებლობები. თუ ჩვენ ერთად არ ვიდგებით, უკრაინა ვერ გაუძლებს და შემდეგ პოტენციურად ვერც ევროპა“, - განაცხადა ფრედერიკსენმა.
შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის უნარს, დაიცვას ქვეყანა რუსეთისგან, ასევე შეაჩეროს მომავალი რუსული თავდასხმები.
შეთანხმების თანახმად, უკრაინა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებას და კორუფციასთან ბრძოლას.
დანიის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ამ მაგალითს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მიჰყვება.
„ამ ვალდებულებებით ჩვენ ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.


