ლატვიის სეიმმა რუსეთიდან და ბელარუსიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა
22/02/2024 19:07:28 მსოფლიო
22 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოოდ დაამტკიცა 2025 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტის აკრძალვა. აკრძალვა ასევე შეეხება რუსული და ბელარუსული პროდუქციის იმპორტს მესამე ქვეყნებიდან. კანონი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. წერს Delfi.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აკრძალვა შემოღებულ იქნა „საერთაშორისო უსაფრთხოების“ და უკრაინის მხარდაჭერის გამო. ავტორები ამ გზით გეგმავენ აგრესორ სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი შეუზღუდონ.
ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით Delfi იუწყება, რომ 2023 წელს ლატვიამ რუსეთიდან შეიტანა 423 732 ტონა მარცვლეულის პროდუქტი, რაც 59,9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ასევე გასულ წელს რუსეთიდან შეტანილი მარცვლეულის ღირებულებამ 89,008 მლნ ევროს მიაღწია, რაც 11,7%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.


