
ფაშინიანი: სომხეთმა გაყინა ОДКБ–ს წევრობა
23/02/2024 06:18:41 კავკასია
სომხეთის მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) გაყინულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში. ასე უპასუხა მან წამყვანის კითხვას, აპირებს თუ არა ფაშინიანი სომხეთის გაყვანას ორგანიზაციიდან, სადაც „რუსეთი დომინირებს“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ განხორციელებულა ერევანთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში და ქვეყანამ ამის იგნორირება არ შეეძლო.
"ეს ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ", - თქვა ფაშინიანმა.
ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ.
მისივე თქმით, ბოლო წლებია რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
ფაშინიანს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის დახურვა. პრემიერმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია".