ზელენსკი უარს ამბობს სამხედრო მოქმედებების გაყინვაზე და რუსეთთან მინსკის ახალი შეთანხმების ხელმოწერაზე
23/02/2024 09:06:59 მსოფლიო
უკრაინა არ აპირებს სამხედრო მოქმედებების გაყინვას და რუსეთთან ახალი შეთანხმებების დადებას, რომელიც მინსკის მსგავსი იქნება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„პირველ რიგში, ჩვენთვის მსგავსი წინადადებები ჯერ არავის შემოუთავაზებია, <...> ოფიციალური არაფერია. მეორეც, ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი. ჩვენ გვქონდა ეს დოკუმენტი, მინსკის შეთანხმებები ნორმანდიის ფორმატში - [უკრაინა], გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი. დოკუმენტი [ტყვეების] გაცვლისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - თქვა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ამის შემდეგ კიევს აღარ სჯერა გაყინული კონფლიქტების, ვინაიდან საკითხი უკრაინის „არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ უსაფრთხოებას ეხება“.
„[საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ] მაკრონი და [გერმანიის კანცლერი ოლაფ] შოლცი ომის დაწყებამდე ესაუბრნენ პუტინს. [პუტინი] ამტკიცებდა, რომ შეჭრა არ იქნებოდა. ასე რომ, რაც არ უნდა თქვას, მისი ნდობა არ შეიძლება“, - თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს კიევის დახმარებას, ქვეყანას „გადარჩენა მოუწევს“.
„ჩვენ გადავრჩებით? რა თქმა უნდა. მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. თუ მსოფლიო ამისათვის მზად არის, ნახავთ. მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სურს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაყინვა და 2023 წელს ამის შესახებ საჯარო და კერძო სიგნალები შუამავლების მეშვეობით გადასცა შეერთებულ შტატებს, წერს – Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. თუმცა, მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებების განხილვაზე, რადგან მოსკოვი აპირებდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენას. კრემლი იმედგაცრუებული იყო ვაშინგტონის პოზიციით და ახლა აზრს ვერ ხედავს შემდგომ მსგავს კონტაქტებში, ხაზგასმით აღნიშნა Reuters-ის წყაროებმა.


