კირა იარმიში: ნავალნის დედას შვილის საიდუმლო ვითარებაში დაკრძალვა მოსთხოვეს, თუ იგი ულტიმატუმს არ დათანხმდება, ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ
23/02/2024 17:56:29 მსოფლიო
გამომძიებლებმა რუსი ოპოზიციონერი პოლტიკოსის ნავალნის დედას ლუდმილა ნავალნაიას მისი შვილის საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაკრძალვა მოსთხოვეს, – აცხადებს ნავალნის ყოფილი პრეს–მდივანი კირა იარმიში.
მისივე ინფორმაციით, თუ ნავალნის დედა ულტიმატუმს არ დათანხმდება, მის შვილს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ.
როგორც კირა იარმიში აცხადებს, ლუდმილა ნავალნაიას სამი საათი მისცეს მათ პირობაზე დასათანხმებლად.
იარმიში იუწყება, რომ ნავალნაიამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებაზე, რადგან, მისი თქმით, ეს უწყება არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს სად და როგორ უნდა დაასაფლაონ მისი შვილი.
"ნავალნაია აცხადებს, რომ კანონის თანახმად, მისი შვილის ცხედარი ოჯახს უნდა გადაეცეს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორ დღეში. ეს ვადა 24 თებერვალს გადის", – აცხადებს იარმიში.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა. უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს.


