ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უარყოფს
24/02/2024 09:15:39 მსოფლიო
გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს აწვდის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო შეზღუდვები ან აკრძალვები ბალისტიკური რაკეტების გაყიდვაზე, ირანი თავს მორალურად ვალდებულად თვლის თავი შეიკავოს იარაღის მიმდინარე ტრანზაქციებზე რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მიმდინარეობისას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის წარმომადგენლობა დასძენს, რომ ირანის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველია, „ხელი არ შეეწყო ომის გაჭიანურებისათვის“.
მანამდე Reuters-მა ირანში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა რუსეთს მიაწოდა „დიდი რაოდენობით მძლავრი“, „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტები.
„სამი ირანული წყაროს ცნობით, ირანმა რუსეთს მიაწოდა დაახლოებით 400 რაკეტა, მათ შორის ბევრი Fateh-110 და Zolfaghar-ის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ოჯახიდან. ექსპერტების აზრით, Zolfaghar-ს შეუძლია სამიზნეების განადგურება 300-დან 700 კმ-მდე მანძილზე“, - იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო.
მიწოდება სავარაუდოდ 2024 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ირანელ და რუს სამხედროებს შორის გაიმართა შეხვედრები თეირანსა და მოსკოვში“.
წყაროებმა სააგენტოს ასევე განუცხადეს, რომ რაკეტების ნაწილი რუსეთში კასპიის ზღვის გავლით, გემით გაიგზავნა, ნაწილი - თვითმფრინავით.
ირანისა და რუსეთის სამხედრო დეპარტამენტებმა არ უპასუხეს Reuters-ის ოფიციალურ კითხვებს.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რასებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის ქალაქების ენერგოსისტემაზე მასობრივი იერიშების დროს. აღნინულს ირანი მუხმივად უარყოფდა, შემდეგ შეუდგა მტკიცებას, რომ თეირანმა დრონები მოსკოვს ომის დაწყებამდე მიაწოდა.


