ზელენსკიმ და დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა უკრაინელ ხალხს გოსტომელის აეროპორტიდან მიმართეს
24/02/2024 14:09:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინელ ხალხს გოსტომელის აეროპორტიდან მიმართეს.
გოსტომელის აეროპორტში 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა რუს მედესანტეებს სასტიკი ბრძოლა გაუმართეს.
"სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევი და უკრაინა 3 დღეში". ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით. ორი წლის შემდეგ აქ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გოსტომელში ზელენსკისთან ერთად მყოფმა დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ხაზი გაუსვეს გოსტომელისათვის ბრძოლის მნიშვნელობას, რამაც 2 წლის წინ მოწინააღმდეგეს კიევისკენ გადაადგილების გეგმა ჩაუფუშა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ "აეროდრომს მოსკოვის წარუმატებლობისა და უკრაინის სიამაყის სიმბოლო" უწოდა.
"ადამიანების გმირულმა საქციელმა შეცვალა ისტორია"- აღნიშნა მელონიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ასე მიმართა:
"კიევი გადარჩა. თქვენი გამბედაობა წინ გადაეღობა პუტინს. თქვენ არ შედრკით და არ გაიქეცით. უკრაინელი გმირების მცირე რაზმმა, ბოლო ტყვიამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე რომ იბრძოდა, დამპყრობელი უკუაგდო. თქვენ შეძელით რუსეთის შეტევის შეჩერება უკრაინის გულში. თქვენ გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, თქვენ გადაარჩინეთ მთელი ევროპა",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის - იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ჩავიდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ "პოსტში" ჯონსონმა დაწერა, რომ მას არ აქვს ეჭვი, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და განდევნიან პუტინის ჯარებს „იმ პირობით, რომ ჩვენ უკრაინელებს გავუწევთ სათანადო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას“.
ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას დახმარება მანამ აღუთქვეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.


