Accentnews.ge
დარსალია: "საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი"

დარსალია: "საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი"

28/05/2019 11:47:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს "არაფერი აქვთ საჩხუბარი". 

"ამ ეტაპზე დავით–გარეჯში ვითარება სტაბილურია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიებს მიეცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს მოტივაცია, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღებია ორივე ქვეყნის საზოგადოებისათვის. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, დავით–გარეჯის თემა ყველასთვის სენსიტიური საკითხია, თუმცა ის ემოციები, რაც მასთან არის დაკავშირებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის საბაბი არ უნდა გახდეს.

"მე მესმის ის ემოციები, რაც ადამიანებს გააჩნიათ. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია ჩვენი საზოგადოების. ჩვენ ყველას გაგვაჩნია დიდი ემოციები, თუმცა ემოციები არ უნდა გახდეს არც საბაბი და არც მიზეზი იმისთვის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბოს", – განაცხადა დარსალიამ. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კომისიის მომდევნო შეხვედრას დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში გამართავს.

"მანამდე არის ჩასატარებელი გარკვეული ტიპის სამუშაოები, მათ შორის – საველე სამუშაოები. სამუშაოა ჩასატარებელი დოკუმენტებთან დაკავშირებითაც. ერთობლივი შეხვედრები იქნება ექსპერტების დონეზეც.  შემდეგ უკვე კომისია შეიკრიბება და კიდევ ერთხელ განიხილავენ ერთმანეთის პოზიციებს. მთავარი მიზანია, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, 14-ია", – განაცხადა დარსალიამ.  

მისივე თქმით, კომისიის ქართული მხარე მზადაა ქართველ დეპუტატებს დავით–გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდონ. 

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის – პარლამენტთან. თუ პარლამენტში იქნება შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ, საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია გავაცნოთ" - დასძინა ლაშა დარსალიამ.

დღეს დავით-გარეჯში მასშტაბური მსვლელობა სახელწოდებით „გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობას 15 ეპარქიის მრევლი, სასულიერო პირები, სამოქალაქო აქტივისტები და გიდები იღებდნენ. ამ დროისთვის მსვლელობაში მონაწილეთა ნაწილმა გარეჯი უკვე დატოვა. 

როგორც აქციის მონაწილეები და სასულიერო პირები აცხადებდნენ, მათ სურთ, ამ მშვიდობიანი მსვლელობით მიაწვდინონ ყველას ხმა, რომ დავით–გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ განცხადება გაავრცელა. უწმინდესი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა მესამე ძალას სურს და ამის დასაყრდენს ორივე ქვეყანაში პოულობს და აცხადებს, რომ "პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ".

ცნობისთვის: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ერთობლივი კომისია მუშაობს. კომისიის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ბაქოში, შემდეგი შეხვედრები კი თბილისშია დაგეგმილი. კომისიის მუშაობის დასრულებამდე ხელისუფლება ყველას მოუწოდებს ემოციების კონტროლისკენ. 

შეგახსენებთ, რომ სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.

„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე  წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.

1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.  

„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის  მზადაა“. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S