NYT: უკრაინის დაზვერვამ რუსეთის საზღვართან CIA-სთან ერთად ააშენა 12 საიდუმლო ობიექტი მოწინააღმდეგის კომუნიკაციების გასაკონტროლებლად
26/02/2024 08:17:20 მსოფლიო
ბოლო 8 წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, CIA-ს დახმარებით, შექმნა 12 საიდუმლო ობიექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საზღვართან. ამის შესახებ The New York Times იტყობინება თავის ვრცელ სტატიაში უკრაინისა და ამერიკულ დაზვერვას შორის თანამშრომლობის შესახებ, უკრაინისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურების სხვადასხვა წყაროებზე, ასევე დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ამ ობიექტებიდან, რომელთა ნაწილი მიწისქვეშა ბუნკერებშია განლაგებული, ხორციელდება რუსული ძალების კომუნიკაციის მონიტორინგი და უპილოტო დრონების კონტროლი. იტყობინებიან, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის დაზვერვის სამმართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან. გარდა ამისა, CIA ამზადებს უკრაინელ აგენტებს, რომლებიც მოქმედებენ რუსეთში, ევროპაში, კუბაში და სხვა ადგილებში, სადაც რუსები არიან. CIA უზრუნველყოფს აღჭურვილობას და ამზადებს უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს ფარული ოპერაციებისთვის.
ამ თანამშრომლობამ, როგორც NYT წერს, „კონკრეტულ მომენტში უკრაინა გადააქცია სადაზვერვო მასალების შეგროვების ცენტრად, რომელიც უსმენდა უფრო მეტ რუსულ კომუნიკაციებს, ვიდრე თავდაპირველად შეეძლო კიევის CIA-ს სადგურს“.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 15 თებერვალს CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ფარულად ეწვია უკრაინას, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ხელმძღვანელობა, რადგან კონგრესმენები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარებაზე. NYT წერს, რომ ეს მისი მეათე ვიზიტია უკრაინაში ბოლო ორი წლის განმავლობაში.


