უკრაინა: რუსეთი უკრაინელების მიერ ჩამოგდებული А-50-ის ჩანაცვლებას მზვერავი დრონების გამოყენებით ცდილობს
26/02/2024 11:37:35 მსოფლიო
რუსეთი უკრაინელების მიერ ჩამოგდებული А-50-ის ჩანაცვლებას მზვერავი დრონების გამოყენებით ცდილობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაცვის ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
"ამჟამად რუსეთის მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურობა ძალზე მაღალია, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი ცდილობენ იმ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც უკვე ვეღარ გადასცემს А-50. და სწორედ ამიტომ ვხედავთ ტაქტიკური ავიაციის არასპეციფიკურ აქტიურობას, რომელიც უფრო შავი ზღვის აკვატორიაშია და შესაბამისი ოპერატიული მონაცემების შეგროვებაზე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას“, - განაცხადა მან.
რუსეთის თვითმფრინავი-რადარი А-50 23 თებერვალს ჩამოაგდეს კრასნოდარის ოლქში. მანამდე, 40 დღით ადრე რუსეთმა კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი დაკარგა.
როგორც BBC იტყობინება, მთლიანობაში რუსეთს ათზე ნაკლები ასეთი თვითმფრინავი ჰყავს და მათ აღარ აწარმოებს.


