
ზელენსკი: ტრამპს არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება
26/02/2024 11:55:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ–ის ყოფილ ლიდერ დონალდ ტრამპს, რომელიც წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, "არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება".
„ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ) პუტინის მხარეს. ეს წარმოუდგენელია", – განაცხადა მან.
ზელენსკის შეფასებით, ტრამს, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომს ერთ დღეში დაასრულებს, "არ ესმის პუტინის მიზნები".
"ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ იგი შეხვდრია მას, მაგრამ ტრაპმს არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს... მე ეს კარგად მესმის. ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
7 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარებას მხარი აღარ დაუჭირეს.
CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კიდევ ერთი კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ამ დრომდე არ ჩატარებულა. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არსაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021