
გორთან ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა
26/02/2024 18:07:25 სამართალი, რეგიონები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან 26 თებერვლის საღამოს 34 წლის კაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, სამი კაცი ლიანდაგებს შორის მოძრაობდა, მატარებლის გამოჩენისას ორმა რელსებიდან გადასვლა მოასწრო, ერთს კი თბილისი -ფოთის მატარებელი დაეჯახა.
კაცის დახმარება ჯერ მემანქანეებმა სცადეს, შემდეგ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.