რუსებმა ძლიერი ალკოჰოლის მოხმარებით 7–წლიანი რეკორდი დაამყარეს

26-02-2024 22:43:10 მსოფლიო

რუსეთში ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები გაიზარდა 7,2 ლიტრამდე ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში და ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია,– იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS აუდიტორ–საკონსულტაციო ქსელ FinExpertiza-ს კვლევაზე მითითებით.

„ძლიერი ალკოჰოლის გაყიდვები მაღაზიებსა და კვების ობიექტებში წინა წელთან შედარებით ფიზიკური თვალსაზრისით 3,6%-ით გაიზარდა, წელიწადში 7-დან 7,2 ლიტრამდე ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის ყველაზე მაღალი წლიური მოხმარება ერთ ადამიანზე, სულ მცირე, 2017 წლიდან, ანუ შვიდი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კვლევაში.

აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ რუსეთში მოქმედებს ალკოჰოლის "ჩრდილოვანი ბაზარი", რაც გაყიდვების ოფიციალურ სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული. ამდენად, მოხმარება გაცილებით უფრო მაღალია.

მონაცემების მიხედვით, ძლიერ ალკოჰოლში იგულისხმება არაყი, კონიაკი, ღვინო და სხვა სასმელები 25%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით.

არაყი გახდა ყველაზე პოპულარული ძლიერი ალკოჰოლური სასმელი რუსებში, მისი მოხმარება შემცირდა ოდნავ – 0,2%-ით, ერთ ადამიანზე 5,3 ლიტრამდე; კონიაკის გაყიდვები გაიზარდა 10%-ით, 1 ლიტრამდე ერთ ადამიანზე. ლუდი რჩება პოპულარულ ალკოჰოლის შემცველ სასმელად; ეს პროდუქტი 3,5-ჯერ მეტი იყიდება, ვიდრე ყველა სხვა სახის ალკოჰოლი. ლუდის გაყიდვებმა ასევე მიაღწია შვიდი წლის მაქსიმუმს.

როსსტატის თანახმად, 2022 წლიდან რუსეთში ალკოჰოლზე დამოკიდებულების დიაგნოზირებულთა რიცხვი იზრდება. სულ გამოვლინდა 54,2 ათასი ასეთი პაციენტი. აქედან 12,9 ათას ადამიანს აქვს ალკოჰოლური ფსიქოზი (ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა და სხვა სიმპტომები).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები