
მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
28/02/2024 07:44:29 საზოგადოება
უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურს მამუკა მამულაშვილს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია იუწყება.
"მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფეარდა ორთვიანი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა." – უთხრეს სასამარლოში რუსულ პროპაგანდისტულ მედიას.
მოსკოვის სასამართლო უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სიძულვილის გაღვივებას" ედავება. მამულაშვილზე რუსეთის შსს-მ ძებნა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა.
ქართული ლეგიონი 2014 წელს დაარსდა და მონაწილეობას იღებდა დონბასში მიმდინარე ომში. დანაყოფი თანდათან გაიზარდა და დღეს მასში სხვა უცხოელებიც შედიან.
მანამდე "მედიაზონამ" შეისწავლა რუსეთის შსს–ს მიერ ძებნილად გამოცხადებულ პირთა სია და გაარკვია, რომ მასში უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელთა შორის, რომლებსაც რუსეთი ეძებს, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.