
ფაშინიანი: ОДКБ, ნაცვლად ვალდებულებების შესრულებისა, თავად ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს
28/02/2024 17:47:26 კავკასია
სომხეთის მთავრობა მზადაა, იურიდიულად გაყინოს ქვეყნის მონაწილეობა რუსეთის დომინანტობით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში (ОДКБ), თუ ეს ორგანიზაციის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის,– ამის შესახებ, სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
"ОДКБ, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის წინაშე, პირიქით, ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს“, - თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ეს პოზიცია საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან დასძინა, რომ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ОДКБ ეწინააღმდეგება საკუთარ ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც მან შესაბამისი პოზიციის დემონსტრირება უნდა მიახდინოს სომხეთის უსაფრთხოების საკითხში, და არა პირიქით.
„რაც შეეხება იმას, რომ პრაქტიკულად გავყინეთ ОДКБ–ში წევრობა, ეს ნიშნავს შემდეგს: უკვე ერთი წელია არ გვყავს მუდმივი წარმომადგენელი ОДКБ–ში, არ ვმონაწილეობთ ღონისძიებებში უმაღლეს დონეზე საკმაოდ დიდი ხაია. რა თქმა უნდა, ОДКБ–ს აქვს გადაწყვეტილების მიღებისას კონსენსუსის პრინციპი, ამიტომ ჩვენ არაფერს ვბლოკავთ, მაგრამ არც ვმონაწილეობთ მარტივი მიზეზის გამო: კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუ რა არის სომხეთთან მიმართებაში ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონა და რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?!“ - თქვა ფაშინიანმა.
რამდენიმე დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) გაყინულია. ასე უპასუხა მან წამყვანის კითხვას, აპირებს თუ არა ფაშინიანი სომხეთის გაყვანას ორგანიზაციიდან, სადაც „რუსეთი დომინირებს“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ განხორციელებულა ერევანთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში და ქვეყანამ ამის იგნორირება არ შეეძლო.
"ეს ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ", - თქვა ფაშინიანმა.
ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ.
მისივე თქმით, ბოლო წლებია რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
ფაშინიანს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის დახურვა. პრემიერმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია".