
ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
29/02/2024 18:42:02 სამართალი
ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.
"ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19 :21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა. ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.
სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ.
მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა. ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა. გირაოს ვერცერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება. ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი.
როდესაც ბრალდებული თავად მივიდა სამართალდამცავ ორგანოში და ჩვენება მისცა, მან განმარტა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია. არის ვარაუდი, რომ ის დანაშაულის ჩადენისასაც შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ეს ვერსია შეესაბამება თუ არა რეალობას, ამას გამოძიება დაადგენს. მოტივი ამ ეტაპზე, რაც დადგენილია, არის სტერეოტიპული მიდგომა და გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა.