
გვრიტიშვილი: ჩვენი კეთილსინდისიერება შემოწმებულია, კანონს ვემორჩილებით და არა გაურკვეველი ხასიათის რეკომენდაციებს
04/03/2024 08:29:11 სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებს დამატებითი ტესტის გავლა არ სჭირდებათ.
"მოსამართლეები ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონმდებლობას და არა ამ გაურკვეველი ხასიათის რეკომენდაციებს. თუ კანონმდებლობის მოთხოვნა იქნება, მაგ მოთხოვნას აუცილებლად შევასრულებთ. საქართველოს კანონმდებლობით, მანამ, ვიდრე პირი განმწესდება მოსამართლედ, მისი კეთილსინდისიერებაც და კვალიფიკაციაც მოწმდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსამართლეების, ვინც მართლმსაჯულებას ვახორციელებთ საქართველოს სახელით, კეთილსინდისიერება უკვე შემოწმებულია და ჩემი აზრით, დამატებით რაიმე შემოწმებას არ საჭიროებს. [...] ყველას თავისი რაღაც მოტივაცია აქვს, ალბათ, ვისი ინიციატივაც არის, მას უნდა ჰკითხოთ", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, დიმიტრი გვრიტიშვილი.
ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.