Accentnews.ge
ლევან მურუსიძე – ე.წ. ვეტინგის სისტემაზე: ჩემი დემონიზირება ხდება

ლევან მურუსიძე – ე.წ. ვეტინგის სისტემაზე: ჩემი დემონიზირება ხდება

04/03/2024 10:57:01 სამართალი

უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორს სასამართლო სისტემიდან მისი და სხვა მოსამართლეების გაყრა სურს. საქმე ეხება ე.წ. ვეტინგის სისტემას, რომლითაც მოსამართეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს.

მურუსიძე ერთის მხრივ, აცხადებს, რომ კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება მისთვის პრობლემა არაა, მეორეს მხრივ, ირწმუნება, რომ მესამე სექტორს სასამართლოს დაკომპლექტება საკუთარი კადრებით სურს.

"მე პრობლემა, ზოგადად, არ მაქვს და იძახიან, რომ არ ეხება ყველა მოსამართლეს. რეალურად, ეხება ყველა მოსამართლეს. უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს. მიზანი არის ერთადერთი: რეალურად, მთელი სასამართლო სისტემიდან გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ის მოსამართლეები, რომელიც მათთვის მისაღებია და ეცადონ დააკომპლექტონ იმ მოსამართლეებით, მაგალითად, არასამთავრობო სექტორიდან, რომლებსაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ნული და შესაბამისად, მზად არიან, დონორების ყველა დავალება შეასრულონ. ხდება ჩემი დემონიზირება, წინასწარ გამომაცხადეთ დამნაშავედ", - განაცხადა მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეთა შორის, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა.

ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.

ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდეს.

"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.

„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, დანერგოს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S