
ჯანდაცვის ექს–მინისტრი: გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული
04/03/2024 12:08:12 საზოგადოება
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული. ამის იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ "პოსტში" საუბრობს.
"ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირად ღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო.
დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა", – აცხადებს ექს–მინისტრი.