
კორძაია: პედოფილია უდიდესი პრობლემაა საქართველოში, რეალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ
05/03/2024 10:01:30 პოლიტიკა
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია უმრავლესობას მოუწოდებს რეალურ პრობლემებზე იმსჯელონ. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ოჯახში ძალადობის, პედოფილიის წინააღმდეგ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი.
"მე ახლა მსურს იანვარში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მოვიყვანო მაგალითები. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გოგო, რომელიც მოიტაცეს კახეთში, ნაპოვნი იქნა; 21 წლის გოგოს მკვლელობა მოხდა; გოგოს და მის დას ბიძა წლების განმავლობაში აუპატიურებდა; შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს; დააკავეს დედა, რომელიც შვილის გაუპატიურებაში ხელს უწყობდა მის პარტნიორს; დააკავეს გოგო, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა, 14 წლის გოგოს გაუპატიურების გამო ბიძა დააკავეს... რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელი ახალი პროექტების მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად ქცეული?", – განაცხადა მან.
მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროვების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული:
„სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი, არა რეალური პრობლემების დაძლევაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ პედოფილია არის უდიდესი პრობლემა საქართველოში, არამედ იქ, სადაც არჩევნების ინტერესი გადის […] ჩემი თხოვნაა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მაინც როგორც ჯანდაცვის სისტემამ, ასევე განათლების სამინისტრომ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემას და რეალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, კომპლექსური ნაბიჯები გადავდგათ მათ დასაცავად”.