
საქართველოს სააღსრულებო სისტემის წარმატებული რეფორმირების გამოცდილებას მონღოლეთის დელეგაცია ეცნობა
05/03/2024 12:15:48 საზოგადოება, რეკლამა
აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული მოწყობა, სააღსრულებო პროცედურები, ელექტრონული სერვისები და საქმის წარმოებაში მედიაციის დანერგვა არის საკითხები, რომლის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში მონღოლეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება,– იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახური.
მათივე ცნობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიან მექანიზმებსა და სააღსრულებო საქმიანობის საკანონმდებლო ასპექტებზე ისაუბრეს. მონღოლეთის დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი სააღსრულებო წარმოების ელექტრონულმა პროგრამამ, ელექტრონულმა აუქციონმა და ზოგადად, სააღსრულებო პროცესში დანერგილმა ციფრულმა სერვისებმა გამოიწვია. სტუმრებმა დაათვალიერეს მოქალაქეთა საკონსულტაციო და შშმ პირებისთვის ადაპტირებული მომსახურების სივრცეები.
მონღოლეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სოლონგუ ბაიარსაიხანმა, ხაზი გაუსვა იმ მიღწევებსა და წარმატებულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს აქვს გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და სააღსრულებო პროცესში მხარეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით.
მონღოლეთის დელეგაციის ვიზიტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრებში აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტიც მონაწილეობენ. საერთაშორისო კავშირისა და EBRD-ის შეფასებით, საქართველოს გამოცდილება ამ სფეროში კარგი მაგალითია ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების გატარების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ვიზიტის ფარგლებში, მონღოლეთის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ასევე გაეცნენ თბილისის იუსტიციის სახლის კონცეფციასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ქართულ, ინოვაციურ მოდელს.