
პროკურატურა: მეუღლისა და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
05/03/2024 13:25:47 სამართალი
პროკურატურის ცნობით, მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.