Accentnews.ge
"ბახმაროსთან მიმართებით ასეთი ველური კაპიტალიზმი დაუშვებელია!": რა უნდა ვიცოდეთ კურორტზე დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებების შესახებ

"ბახმაროსთან მიმართებით ასეთი ველური კაპიტალიზმი დაუშვებელია!": რა უნდა ვიცოდეთ კურორტზე დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებების შესახებ

05/03/2024 18:16:24 საზოგადოება

მას შემდეგ, რაც საქართველოს უნიკალურ კორორტზე მასშტაბური მშენებლობა დაანონსდა, თემის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება – პეტიციას, „გადავარჩინოთ ბახმარო“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსადმი რიგ მოთხოვნებს აყალიბებს, ამ დროისთვის 5 000–ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. აქტივისტებმა დღეს პრემიერ–მინისტრსაც მიმართეს წერილობით, პარალელურად მზადდება სარჩელიც.

მოქალაქეების მღელვარებას ავთენტური გარემოს განადგურების თაობაზე, მიუხედავად დეველოპერის მტკიცებისა, რომ მრავალფუნქციური სასტუმროს კომპლექსი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ლანდშაფტთან, მისი მასშტაბურობა და აქედან გამომდინარე, შესაძლო თანმდევი შედეგები იწვევს:

მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს,– აცხადებენ კომპანია „ორბში“ და დასძენენ, რომ პროექტის მიხედვით, შენობის სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება, იქნება ოთხი სართული მიწის ზედაპირიდან და სავარაუდოდ, ორი სართული მიწის ქვეშ. საუბარია 350 ნომერზე გათვლილი კომპლექსის მშენებლობაზე.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბახმაროს მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ბახმაროში წლობით არსებულ პრობლემებზე – ინფრასტრუქტურა; გზის გაწმენდა; წყალმომარაგება; ნარჩენების გატანა; განსაკუთრებით, ზამთარში; უნებართვო მშენებლობები და ა.შ. დიდი ხანია საუბრობენ ადგილობრივები თუ კურორტის მოყვარულები, თუმცა მათთვის გაუგებარია, ამ კუთხით სასიკეთოდ რას შეცვლის „თავისუფლების კუნძულზე“ იზოლირებული სივრის გაჩენა – უზარმაზარი ბეტონის შენობის წამოჭიმვა, პირიქით, ფიქრობენ, რომ გარდაუვლად წარმოქმნის დამატებით პრობლემებს.

„ჩვენ ინვესტიციებს არ ვებრძვით! ვიბრძვით იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ბახმარო“,– ხაზგასმით აცხადებენ „ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფში“ და შემდეგ რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • ბახმარო დაკარგავს ავთენტურობას, მის მრავალწლოვან ისტორიულ იერსახეს;
  • შექმნის პრეცენდენტს, რაც სამომავლოდ გახდება „გუდაურიზაციის“ და „ბაკურიანიზაციის“ წინაპირობა;
  • ამგვარი მასშტაბური მშენებლობები გაანადგურებს ბახმაროს უნიკალურ მიკროკლიმატს და ოდითგანვე ჩამოყალიბებულ სოციალურ ურთიერთობებს;
  • მასშტაბური მშენებლობები მკევთრად გააძვირებს კურორტზე დასვენებას. გაიზრდება ფასები პროდუქტებსა და მოსახურებაზე;
  • კურორტი გახდება ელიტური, მასზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქისთვის შეუძლებელი გახდება;
  • პროექტს არ ახლავს გეოლოგიური კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემდა განგვესაზღვრა სტიქიური მოვლენების რისკები;
  • პროექტის ნაწილი მოქცეულია ზვავსაშიშ ზონაში;
  • მკვეთრად გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, რაც ერთის მხრივ გამოიწვევს ჰაერის მასშტაბურ დაბინძურებას, ხოლო მეორეს მხრივ გააჩენს გადაადგილების პრობლემას;
  • კურორტზე მასშტაბური ტიპის მშენებლობები გამოიწვევს დასასვენებელი და სარეკრეაციო სივრცეების შეზღუდვას;
  • გააუარესებს კურორტზე დასვენების/ცხოვრების ხარისხს. კურორტზე გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი) არარსებობის პირობებში ამ მოცულობის კომპლექსის დამატება შექმნის დამატებით პრობლემებს წყლის სიმცირე, თხევადი ნარჩენების ჩადინება გრუნტში და მდინარეში, გადავსებული ბუნკერები და ა.შ;
  • საქართელოს გააჩნია 5 სამთო-სათხილამურო კურორტი. აქედან ოთხი (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) წარმოადგენს „მრავალბინიანი კორპუსების“ ტიპს. ბახმარო უნდა შევინარჩუნოთ, როგორც განსხვავებული, ალტერნატიული საკურორტო სივრცე;
  • პროექტი საფრთხეს შეუქმნის მემთეურების ინსტიტუტს, რაც ბახმაროს იდენტობის განუყოფელი ნაწილია;
  • ბამარო წარმოადგენს მცირემიწიან დასახლებას, რაც არ ითვალისწინებს მრავალბინიან განაშენიანებას. კურორტის ამ სპეციფიკიდან გამომიდინარე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის განკარგულებით ორბის 2029 წლამდე ეკრძალება მრავალბინიანი სახლების მშენებლობა. ეს პროექტი წარმოდგენილია, როგორც მრავალფუნქციური ობიექტი, მაგრამ რეალურად მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე ბინებს, რაც შეუსაბამოა ზემოთნახსენებ აკრძალვასთან;
  • პროექტის შემუშავების პრიცესში არ იყო ჩართული საზოგადოების დიდი ნაწილი. პროექტი შემუშავებულია მცირე ელიტური ჯგუფის მიერ.

სპეციალისტები კიდევ ერთ პრობლემად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ სანებართვოდ წარდგენილ პროექტს არ ახლავს გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაგვანახებდა რისკებს, რაც მიწას გააჩნია. ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ "ორბის" არსებული განაშენიანების გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) წარდგენის ვალდებულება არ ჰქონია:

„დოკუმენტების წარმოდგენას რაც შეეხება, მას აქვს ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. რაც შეეხება გზშ-ის ნაწილს, მისი წარდგენა მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა 10 ჰა-მდე განაშენიანების პროექტზე. მე როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა 5,2 ჰა-ზე გაცემულია, შესაბამისად ის ასეთი ტიპის ნებართვას გარემოს სააგენტოდან არ საჭიროებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ამრიგად, როგორც ჩანს, მხოლოდ შედეგებით თუ გავარკვევთ, რა ზიანი მიადგა გარემოს და ღირდა თუ ამ მასშტაბის ჩარევის დაშვება.

„ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის“ წევრი ირმა გორდელაძე „აქცენტთან“ კანონით მანიპულირებაზე მიუთითებს. ის ყურადღებას ამახვილებს ლანდშაფტზე, მშენებლობის მასშტაბზე და მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დგას გარემოზე ზემოქმედების შესწავლის აუცილებლობა:

„ბახმარო არის ქვაბული, მისი მასიური ათვისება შენობებით შეცვლის, მათ შორის, ვენტილაციას“.

რაც შეეხება ზვავსაშიშროებასთან დაკავშირებით „ორბის“ მიერ მითითებულ დასკვნას, აქტივისტები მოითხოვენ ინფორმირებას, რის საფუძველზე მომზადდა დოკუმენტი, „თუ შეკვეთილი არ არის და საფუძვლიანია, რატომ გვიმალავენ?“.

„გარემოს დაცვის სამინისტროს ჩატარებული აქვს კვლევები ბახმაროს ზვავსაშიშ უბნებზე, შედგენილი აქვთ რუქაც, გამოვითხოვე, მაგრამ არ მაწვდიან.

ბახმაროში ყოველ წელს არის ზვავი, მით უმეტეს ასეთი ჩარევა როცა მოხდება (კომპლექსი მიწის ქვევით ხომ დიდ სიღრმეზე უნდა ჩავიდეს)....შარშანაც წაიღო ზვავმა 14 კოტეჯი, შარშანწინაც“.

„განსაკუთრებული პრეტენზია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებაში ეწერა შეზღუდვა, რომ მას არ შეეძლო მრავალბინიანი ნაგებობის მშენებლობა", – ამბობს “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელი ანი ბიბილაშვილი და განაგრძობს, "მაგრამ, თუ ამას დავარქმევთ აპარტოტელს ან სასტუმრო კომპლექსს და შემდეგ ბინებად გავყიდით, მაშინ ამ საინვესტიციო ვალდებულებას თითქოს კანონმდებლობით გვერდს ავუვლით და მოვახერხებთ, რომ ერქვას მრავალბინიანი კომპლექსი ან სასტუმრო. ამის აკრძალვა იმიტომ დგას, რომ ის გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას და ამ ტიპის საცხოვრისის გაჩენას. პროექტი არაა ლანდშაფტზე მორგებული – არის ჩაკეტილი თავისი არსით, შიდა სივრცეს ქმნის და ის ზურგს აქცევს გარემოს. პირდაპირ წინააღმდეგობაში თუ არ არის კოეფიციენტი გენერალურ გეგმასთან, პროექტი წინააღმდეგობაშია გენგეგმაში ჩადებულ პირველად არსთან, რომ შენარჩუნებული იყოს ლანდშაფტი, გახსნილი ხედები. როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ გახსნილი ხედები, რომელიც თავისი ზომით არის თითქმის ოლიმპიური სტადიონის ზომის?!“.

პროფესიულ წრეებში მიიჩნევენ, რომ კურორტზე რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის აშენება მიზანშეწონილია, თუმცა ის არ უნდა იყოს ერთიანი, არამედ დაიშალოს ზონებად.

ამასთან, არსებობს ლანდშაფტთან ადაფპირებული ხის კოტეჯების განთავსების შეთავაზება, ნაცვლად ბეტონის ნაგებობისა, თუმცა საინიციატივო ჯგუფთან კონტაქტზე არავინ გასულა. მიუხედავად ამისა, ისინი დანებებას არ აპირებენ – მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ამზადებენ სარჩელს და მზად არიან, ფიზიკურად დაიცვან კურორტი – "ყველა დაირაზმება, რადგან იციან, რომ ბახმაროსთან მიმართებით ასეთი ველური კაპიტალიზმი დაუშვებელია!",– დასძენს გორდელაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S