
რელიგიის სააგენტო – ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის
10/03/2024 13:05:41 საზოგადოება
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის.
"სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწაფესად იქნება დარეგულირებული.რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონალური კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად", – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 8 მარტს დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.
შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.