Accentnews.ge
კადიროვმა კიდევ ორ შვილს მოუძებნა ახალი ფუნქცია

კადიროვმა კიდევ ორ შვილს მოუძებნა ახალი ფუნქცია

11/03/2024 07:52:27 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაახლა ჩეჩნური ენის შენარჩუნებისა და განვითარების ექსპერტთა საბჭო და შემადგენლობაში საკუთარი ქალიშვილი ხადიჟატი (კარინა) და ვაჟი ახმატი დაამატა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე კარინა კადიროვა დაინიშნა ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო მისი ძმა, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ახმატ კადიროვი - საბჭოს წევრად.

ამავე განკარგულებით, ჩეჩნური ენის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი აკიმ აბოლხანოვი, გაზეთ „დაიმოკხის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჩეჩნეთის დამსახურებული ჟურნალისტი და კულტურის მოღვაწე საიდ-ხასან დადაევი და ჩეჩნეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე არბი ტამაევი საბჭოდან გაათავისუფლეს.

ჩეჩნეთში მაღალ თანამდებობებს იკავებენ კადიროვის შვილები, მისი დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.

"კავკაზ რეალიის" ცნობით, 2023 წლის ბოლოს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი აიშატი სამ კვირაზე ნაკლებ დროში შეიყვანეს რეგიონული ხელისუფლების ცხრა სხვადასხვა სტრუქტურაში.

რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილი, 23 წლის ხადიჟატი, 2024 წლის იანვარში დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.

გასული წლის ბოლოს ხადიჟატი და მისი ძმა, 18 წლის ახმატ კადიროვი შეიყვანეს რუსეთის დელეგატთა სიაში COP28 კლიმატის სამიტზე, რომელიც დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გაიმართა, თუმცა მათ საქმიანობას საერთო არაფერი აქვს კლიმატური ცვლილების საკითხებთან. ეს მოგზაურობა იყო რეგიონის ხელმძღვანელის შვილების აქტიური ჩართულობის გაგრძელება პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი სტატუსის გასაუმჯობესებლად, – აღნიშნეს ექსპერტებმა.

ჩეჩნეთის მეთაურის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ასევე დაჯილდოვდა რეგიონის უმაღლესი ჯილდოთი - კადიროვის სახელობის ორდენით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S